Wednesday, 22 June 2011

* * *

აიშალნენ ჭადრები,

ფოთლებს ფეხქვეშ იფენენ.

ვიოლინოს ჰანგები

შეერია სიბნელეს.

ასეთივე აშლილი

ფიქრი მოჰღვა მწუხრის ჯამს.

არ დაადგა საშველი,

მე და ალბათ, კიდევ სხვას...

როცა ამდენს განიცდი,

და გრძნობები მრავლდება...

ნუთუ ისევ დამიცდი

ჩემო ლამაზთვალება.





საკ.

Wednesday, 15 June 2011

* * *

მომინდი და უხერხულად ჩამეხუტა,
ღამე ვნების, ვარდისფერი, სიფრიფანა...
ეგ ტუჩები, წვივები და თეძოები
დასაჭყლეტად გამზადებულ მტევნებს ჰგვანან...
ძუძუები თეთრი ჯიშის გოჭებივით,
დამსკდარან და გახურებულ მკერდზე წვანან...
ხოდა მეც იმ გოჭებივით შემოგიჩნდი
- შენ გგონია, დაგტოვებ და სხვასთან წავალ?.

Saturday, 11 June 2011

* * *

ოთახში ბნელა, საათის ისარი კაცივით დადის.

ნეტა იწვიმოს... მირჩევნია წვეთების მარში.

დავხატე ყველა, ბოლოს ჩემი დამრეცი ლანდი

დავინახე და შემეშინდა, შესულა ხანში.



მე ამ ცხოვრებას ვერ გავუგე, ამაოდ ვცვალე:

ხასიათი, გრძნობები და ფერები თუნდაც.

ამასობაში გავიდა წლები. ნელა და მალეც,

როგორც ბაზარში დაკარგული ფოლადის ხურდა.



ვფიქრობ ხანდახან, ვინა ვარ და რა უნდა ვპოვო...

რისთვის მოვედი ამ ქვეყანაზე - ვეძებო მუდამ?.

მე უკვე ჩემი შევასრულე ცეკვაში სოლო

ახლა თუ გინდათ, მესროლეთ ვინმემ ტალახის გუნდა.





საკ.

Saturday, 4 June 2011

კიდევ კარგი რომ შენი თვალების ძალიან მჯერა

ვიცი არ გძინავს, აწვალებ ზეწარს,

დრო კი არ გადის...

ღამეა. წამებს ითვლის საათი ცივად.

გათენდება? ნეტავ ოდესმე თუ დამიჯერებ,

რომ ასეთივე გრძნობა მქონდა

შენს მიმართ წინად.



ხშირად გაშიშვლებ ჩემს ფიქრებში

და გახევ საცვალს.

ვფიქრობ გიცნობ, მაგრამ არა

- შენ უფრო ღრმა ხარ...

რაც უფრო ხშირად მედება შენი

ტუჩები ცეცხლად,

მით უფრო შორი მეჩვენება

მთვარე და ზეცა.



მკლავს უშენობა, ხშირად მიწევს

ვიფიქრო ასე.

თუმცა დღემდე ასე კარგად

ჯერ არ ვყოფილვარ...

ვიცლები ხშირად, მერე ისევ

მათბობს და მავსებს

უცხო საწოლში ატეხილი

ვნების კორიდა.



შენ ინაბები, მწვანე ველიდან

მაყოლებ მზერას...

კიდევ კარგი რომ, შენი თვალების

ძალიან მჯერა.

* * *

ისევ ზამთარი

და ისევ თოვლი,

ისევ მინდიხარ

და მენატრები.

ყინვაში თეთრი

ვარდები ქროლვით,

შენსკენ დაიძრნენ

თეთრი ლაშქრებით.

მოვლენ შენთან და

ფიფქების ნაცვლად,

თავზე დაგათოვს

თეთრი ვარდები,

ისევ ზამთარი

და ისევ განცდა,

ისევ მიყვარხარ

და მენატრები.

* * *

შენ ყვავილების დედოფალო

უცხო მხარიდან,

ამ ცივ ზამთარში აბასტუმანში

მითხარ რა გინდა.

მითხარ რა გინდა ისეთ ქალაქში

სადაც ამინდებს

დარდიან ხალხთა ხველება და

ცრემლი აბინდებს.

იქ, სადაც გრძნობა სიყვარულის

ცაში ნელდება,

სადაც ყოველდღე ხედავ საზარელ

საშინელებას.

სადაც უკვალოდ იკარგება

სინაზე წლების,

იქ, სადაც მუდამ ნერვებს გიშლის

ქალაქი ჭლექის.

სადაც გაშინებს მარტოობის

რუხი კედლები

და ფიქრებს იკლავ სანუგეშო

ლოცვავედრებით.

იქ, სადაც ხშირად ჯიუტდება

კლდე, მთა და ბარი...

და სითბოს ელი შორეული

ძმა მეგობარის.

შენ ყვავილების დედოფალო

უცხო მხარიდან.

ამ ცივ ზამთარში აბასტუმანში

მითხარ რა გინდა.

Thursday, 2 June 2011

* * *

ქარი ნაზად გიფრიალებს კაბას,
ნარნარ სხეულს ნამი დასდებია.
შენს მკერდს თავზე დავიყრიდი ახლაც
ფურცელ - ფურცელ დაგაბნევდი იას.
მზეს ნაფერებ მწვანე თვალთა ჭრილში
ათასგვარი მზერა დაუმალავს.
ღამის ჩრდილში ვიგრძნობ ვნების შიმშილს
მერე ისევ დავცლი ფუნჯს და კალამს.
მეათასედ გამიმძაფრებ სურვილს,
მწვავდეს ცეცხლი ვარდისფერი კერტის..
როგორც ვაზი: მწიფე, დასაწური
- ხელის გულზე შენი მკერდი მეკვრის.
ქარი ნაზად გიფრიალებს კაბას,
ნახატ სხეულს ცვარი დასდებია...
შენს მკერდს თავზე დავიყრიდი ახლაც
ფურცელ - ფურცელ დაგაბნევდი იას.


საკ.